logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ექსპერტიზა დასრულდა 

16 ივლ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დღეს ხელახლა გამოკითხეს 18 ივნისს მცხეთის აგარაკზე მყოფი მარიამ ხატისკაცი და ლიზი ნადირაძე.

გლდანის ციხეში კი საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ექსპერტიზა დასრულდა. გამოკვლევას უნდა დაადგინა მიიღო თუ არა რაიმე ტიპის დაზიანება დაკავებულმა მცხეთაში დაპირისპირების დროს.

ზ.ხ-ს ინტერესების დამცველი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ზ.ხ მცხეთაში ძალადობის შესახებ არ საუბრობდა, შესაბამისად მისთვის გაურკვეველია რატომ გახდა საჭირო ამ თემაზე დაკავებულისთვის სამედიცინო ექპერტიზის ჩატარება, თუმცა ისინი ექსპერტიზას მაინც დათანხმდნენ. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად არასრულწლოვანს დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

გიორგი გელხაური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწყებულ გამოძიებაზეც საუბრობს. როგორც ზ.ხ-ს უფლება დამცველი ამბობს, დაკავებულზე იძულებითი ჩვენების მისაღებად სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა. ადვოკატის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით არცერთი პირი დადგენილი არ არის.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწყებულია გამოძიება ჩვენების იძულებით მიღების ფაქტზე. კერძოდ, ზ.ხ-სთან მიმართებაში პოლიციის თანამშრომელმა იძალადა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა რა დროსაც მისგან მიიღო იძულებით ის ჩვენება, რომელიც წარმოდგენილია გამოკითხვის ოქმის სახით. ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, გამოიკითხა არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, ჩვენი ინფორმაციით ამოღებულია ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლის გადაღებაც ხდება მცხეთის განყოფილებაში. ბოლო ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით არცერთი პირი არ ჰყავთ დადგენილი“,- აცხადებს გიორგი გელხაური.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ზ.ხ. მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს - ამის შესახებ მოკვლევა დაწყებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. გამოძიებას ამის შემდეგ კიდევ ერთი მუხლი დაემატა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.

 

 


close დახურვა